გიორგი ქადაგიძე - მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ვაბარებ ქართველ ხალხს

მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ვაბარებ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ზოგიერთი დეპუტატის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა , რომლის თანახმადაც ქადაგიძის ანგარიში საინტერესო არ არის. გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინაშე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშით წარდგომა მნიშვნელოვანია, რათა კითხვებზე პასუხის გაცემა მოხდეს.

"რიგი დეპუტატები და სამწუხაროდ, კომიტეტის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო ამ ანგარიშის მოსმენა და ამ თემებზე საუბარი. მე მინდა მარტივად ვთქვა, რომ მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს. მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას, რომელთაც აინტერესებთ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს გაანალიზება - სად იყო წარმატება, სად წარუმატებლობა, სად მოხდა შეცდომების დაშვება და "რაც მთავარია, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია". გიორგი ქადაგიძის თქმით, რამდენიმე კვირაში მისი საკონსტიტუციო მანდატი, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, იწურება, ამიტომ მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რანგში მისი ბოლო ანგარიშის მოსმენა.

"მე არ ვიქნები დამძიმებული იმ ჩარჩოებით, რომელიც როგორც წესი, ახლავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ანგარიშს. შესაბამისად, მექნება საშუალება ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში იყო აქტუალური", - განაცხადა ქადაგიძემ.