დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსზე გარე ფაქტორები, რა თქმა უნდა, აისახა, თუმცა ეროვნული ვალუტა ცოტა უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მოკლევადიანი ინსტრუმენტები, რომლებიც სახელმწიფოს მთლიანობაში გააჩნია, არის ინტერვენცია და ფულადი მასის შეზღუდვა.

"ამ წუთში ფულადი მასის შეზღუდვებზე საუბარი არ არის. რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნულმა ბანკმა იგი განახორციელა პარასკევს. დღეს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რამდენიმე ხანში გავიგებთ, ჯერ ცოტა ადრეა. რაც ეხება თვითონ კურსთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობას, მინდა მოგახსენოთ, რომ გარე ფაქტორები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე, თუმცა ამ წუთში ის მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამის მიზეზად ეკონომიკის მინისტრი მოლოდინებს და საქართველოს ბაზრის იმაზე მეტ რეაქციას ასახელებს, ვიდრე რეალურად უნდა მომხდარიყო.

"რეალურად დაგროვილი ლარის კონვერტაცია მოხდა დოლარში არაპირდაპირი დანიშნულებით, ანუ დაზოგვის მიზნით უფრო მოხდა აღნიშნული, ვიდრე იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობებში. სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში იმპორტი ამ თვეში შემცირებულია. ეს ინფორმაცია დასაზუსტებელია, მაგრამ წინა წლის ამ თვესთან შედარებით, იმპორტი 25%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, ლარის კურსზე ზეწოლა მკვეთრი არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა. ჩვენ არა ვართ დახურული ეკონომიკა, როდესაც საზღვრები დახურულია, ხელით ხდება შემოტანილი იმპორტის მართვა და დაკეტვა საბაჟოზე, რაც თავის თავში მოიცავს რისკებს, რომ ინფლაციური მომენტები, ანუ ფასების ზოგადი ზრდა მოხდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის ყოველდღიურად ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ეროვნულ ბანკთან და იმედოვნებს, რომ "აღნიშნული აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება".