დიმიტრი ქუმსიშვილი - კინოინდუსტრიის წახალისებას ვიწყებთ და საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს

ჩვენ ვიწყებთ კინოინდუსტრიის წახალისებას და საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მოემსახურება თვითონ დარგის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის სტაბილურობასაც.

"პროექტი, რომელიც დღეს დავიწყეთ, კიდევ ერთი დარგის – კინოინდუსტრიის - განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ავაღორძინოთ, განვავითაროთ ის დარგები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში პოტენციალი აქვს, მაგრამ განვითარებული არ არის. როდესაც ჩვენ დავიწყეთ "აწარმოე საქართველოში", პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და დღესაც მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება, ხოლო დღეს ვიწყებთ კინოინდუსტრიის წახალისებას და ამ დარგის განვითარებას. საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს. იგივე უნგრეთში ეს ინდუსტრია რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზე არის ასული. მნიშვნელოვანია, რომ ეს წახალისებები იმუშავებს როგორც ადგილობრივი კინოინდუსტრიის, ასევე საზღვარგარეთიდან მოზიდული ახალი გადაღებული ფილმების მიმართულებით. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას, მოემსახურება ისევ ჩვენი ვალუტის სტაბილურობას და თვითონ ამ დარგის განვითარებას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა. ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.