მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა 31 იანვარს დასრულდება

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, 2015 წლის ციტრუსის სეზონზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. პროექტი 2016 წლის 31 იანვარს დასრულდება. შესაბამისად, 1 თებერვლიდან ქარხნების მიერ მიღებულ მანდარინზე სუბსიდიის გაცემა აღარ განხორციელდება. ამ ეტაპზე, ყველა იმ ქარხანაზე, რომლებმაც წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, გაცემულია სუბსიდია ჯამში 655 027 ლარის ოდენობით.

დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 26 509 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია - 9 095 ტონა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 860 005 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 909 573 ლარია. სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 20 705ტ. (78.1 %), უკრაინა 3 969 ტ. (14.97 %), სომხეთი 787 ტ. (2.97 %), აზერბაიჯანი 286 ტ. (1.08 %), ყაზახეთი 447 ტ. (1.69 %), ბელორუსი 242 ტ. (0.91 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.28 %).

მანდარინის მიღება-გადამუშავებას ახორციელებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში - Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური" და გორში შპს ,,გსქ კულა". საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წლევანდელ სეზონზე, აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი. ,,ნარინჯისფერი რთველის" ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც - 2 47 01 01. ყველა დაინტერესებულ პირს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.apma.ge შეუძლია.