დიმიტრი ქუმსიშვილი - ის ობიექტები, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გაყიდულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ წლის პრივატიზაციის შედეგებზე ისაუბრა. როგორც ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ის ობიექტები, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გაყიდულია.

"290 მილიონი ლარის პრივატიზება მოხდა შარშან, საიდანაც 190 მილიონი იყო მარტო ქონების პრივატიზება. პრაქტიკულად ყველა ობიექტი, რომელიც გაყიდვადი იყო, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს შენობა, გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტროს შენობა გაიყიდა 9.5 მლნ დოლარად. კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად მონდომებული ვიყავით პრივატიზებაზე, მე მგონი ზედმეტია. ყველაფერი, რაზეც ინტერესი იყო, გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავყიდოთ ობიექტები, თუ ეს ობიექტები იყიდება სახელმწიფოს საზიანოდ. ის ობიექტები, რომლის გაყიდვაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გაყიდულია. 2500-ზე მეტი აუქციონი ჩატარდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, პრივატიზაციის ეფექტი რამდენიმეგვარია.

"პირველი არის, რომ ყიდვის მომენტში შემოდის ძირითადად უცხოელი ინვესტორი ან ადგილობრივი იღებს სესხს და შესაბამისად, შემდეგ ახდენს კონვერტაციას, რაც იმ კონკრეტულ მომენტში ეხმარება ლარის სტაბილურობას. პროექტის განვითარების კვალდაკვალ ხდება ინვესტიციების განხორციელება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.