თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე - იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად

იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად. მისი კომენტარები კი სასაცილოა. თუმცა ამას ვიმსახურებთ, რომ ამდენის უფლებას ვაძლევთ , - ასე გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებებს, სადაც მან აღნიშნა, რომ "ის ანგარიშს არ აბარებს არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ აბარებს ქართველ ხალხს".

"მეჭიაურსა და ტყემალაძეს არ ვაბარებ ანგარიშსო თქვა, მე ქართველ ხალხს ვაბარებო. ეგ არავის აურჩევია. ეგ იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად. მისი კომენტარები კი სასაცილოა. თუმცა ამას ვიმსახურებთ, რომ ამდენის უფლებას ვაძლევთ, როდესაც ჩაფლული იყო ათას სიბინძურეში და საშუალება მისცეს, საკუთარი ვადა დაემთავრებინა და აპატიეს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ლარის გაუფასურების გამო რთულ ვითარებაშია, თუმცა გამოსაყოფია შიდა და გარე ფაქტორების გავლენა.

"მძიმე მდგომარეობაში ვართ, თუმცა უნდა გავყოთ საკითხი – ეს არის გარე თუ შიდა ფაქტორების დამსახურება. გარეშე ფაქტორები რომ არსებობს, ამაზე არავინ დავობს. შიდა ფაქტორებს რაც შეეხება, ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის წევრები მოსახლეობას აძლევენ ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მე გამაკრიტიკა გიორგი ქადაგიძემ, მივესალმები, რომ მან დღეს პანიკური ქმედებების აცილების მიზნით კარგი განცხადებები გააკეთა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.