საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა მარტივდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის - eTIR პილოტური პროექტის შესახებ ოქმს" მოეწერა ხელი. სამინისტროს ინფორმაციით, ოქმს ხელი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა, ბიულენთ თუფენქჯისმა მოაწერეს. მათივე განმარტებით, დოკუმენტის მიზანია, გაზარდოს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითხებში და მიმართულია, ხელი შეუწყოს TIR წიგნაკით მოძრავი ტვირთების საბაჟო პროცედურების გამარტივებას მხარეებს შორის წინასწარ გაცვლილი ინფორმაციის რისკების ანალიზის მეშვეობით.

"როგორც აღინიშნა, TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის - eTIR პროექტი დადებითად აისახება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. შემოსავლების სამსახური გაეროს TIR სამდივნოს (გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის) შეთავაზებულ გაეროს განვითარების (UNDA) მსოფლიო პროექტში - "განვითარებადი ქვეყნებისთვის და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრის ლეგიტიმურად გადაკვეთის, რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებში", 2013 წელს ჩაერთო.

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითებში გაზარდოს TIR ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ რეჟიმში TIR ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა დაიწყება", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.