ლარის გაუფასურებაზე მეტად ინფლაციის უნდა გვეშინოდეს

საქართველოში ლარის გაუფასურების ნაცვლად, უკვე ლარის ინფლაციასთან გვაქვს საქმე.

ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორმა გია ჯაფარიძემ რადიო პალიტრის გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

”ვალუტის დევალვაცია და ინფლაცია ორი სხვადასხვა რამეა. მე, მაგალითად, მგონია, რომ საქართველოში ლარის გაუფასურებასთან კი არ გვაქვს საქმე, ჩვენ უკვე გვაქვს საქმე ინფლაციასთან. მესმის, რომ ამის ხმამაღლა თქმა არ არის კარგი და არ არის სწორი, შეიძლება მთავრობა ამას არც უნდა ამბობდეს იმიტომ, რომ ინფლაცია კიდევ უფრო აფრთხობს უცხოურ ინვესტიციებს. ჩვენ კი კატასტროფულად გვესაჭიროება უცხოური ინვესტიციები. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ თითქმის არაფერი მიგვიღია”, - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში გამოსავალი არ არსებობს. გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგების მისაღებად კი უფრო მეტი რეფორმის გატარებაა საჭირო. ”მოკლევადიან პერსპექტივაში, გამოსავალს ამ სიტუაციაში ვერ ვხედავ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე. უნდა შევწყვიტოთ ეკონომიკაში ხშირად მავნებლური, გაუგებარი პოლიტიკის გატარება. ის ზომები, რომლებიც გამოაცხადა მთავრობამ, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგს ვერ მოიტანს. ეფექტი დღესვე ექნება, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი ეფექტი, რომ ლარი ძველ ნიშნულამდე - 1,68-მდე დავწიოთ. ეს ახლა ვერ მოხდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება, მოხდეს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალური ეკონომიკური განვითარების რეჟიმს და გავატაროთ იმაზე მეტი რეფორმა, ვიდრე ატარებს დღეს მოქმედი ხელისუფლება, ან ატარებდა ყოფილი ხელისუფლება”, - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.