საიუბილეო Lamborghini Centenario გამოსვლამდე გაიყიდა

იტალიური ავტომწარმოებლის Lamborghini-ს საიუბილეო მოდელი Centenario, რომელიც კომპანიის დამაარსებლის ფერუჩიო ლამბორგინის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება, ჟენევის ავტოშოუზე ოფიციალურ დებიუტამდე ორი თვით ადრე გაიყიდა.

ეს განსაკუთრებული ავტომობილი, რომელიც Lamborghini Aventador-ის პლატფორმაზე შეიქმნება, სულ 40 ერთეული გამოვა, საიდანაც 20 კუპე იქნება, 20 კი კაბრიოლეტი. ავტომობილი 2,2 მილიონი ევრო ეღირება, თუმცა კომპანიის ერთგულმა კლიენტებმა უკვე შეიძინეს ნახვის გარეშე.

„ლამბორგინის“ ამჟამინდელმა მმართველმა სტეფან ვინკელმანმა პირობა დადო, რომ ჟენევის ავტოშოუზე „რაიმე განსაკუთრებულს“ წარმოადგენდა. მისი თქმით, სიახლე იქნებოდა ტექნოლოგიური ნოუ ჰაუსა და ე.წ. street-legal-ის მიქსი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მყიდველისთვის. შემქმნელების განცხადებით, ავტომობილი იქნება ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი „ლამბო“, რომელიც ამავდროულად მძლავრ 759 ცხენისძალიან აგრეგატს მიიღებს.

სპეცმოდელები „ლამბორგინისთვის“ სიახლე არ არის. კომპანიამ გასულ წლებში ასევე ლიმიტირებული რაოდენობით გაყიდა ისეთი მოდელები, როგორებიცაა Sesto Elemento, Aventador J და Reventon. მიმდინარე წელს „ლამბორგინი“ კიდევ ერთ თარიღს აღნიშნავს. ეს არის მოდელ Lamborghini Miura-ს 50 წლის იუბილე, რომელიც პირველად 1966 წელს გამოვიდა. თუმცა ჯერ უცნობია, რას გეგმავენ კომპანიაში ამ თარიღის აღსანიშნავად.

კოკა კვირკველია