"ენერგო-პრო ჯორჯია" - აბონენტების უმრავლესობას ენერგომომარაგება სტაბილურად მიეწოდება

აჭარასა და გურიის რეგიონებში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება, - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში და უამინდობის გამო გათიშული აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტსაც. დიდთოვლობის გამო, გადაადგილება საკმაოდ გართულებულია; სამუშაოების ოპერატიული და ეფექტური წარმოებისთვის, ხშირ შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლებს დაზიანების ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა", - აცხადებენ კომპანიაში. მათი განმარტებით, ელექტროენერგია მიეწოდება ასევე სამეგრელოსა და რაჭის მოსახლეობას.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, იმ დრომდე, სანამ არ მოხდება უამინდობით მიყენებული ზიანის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.