მსოფლიო ბანკმა ნავთობის ფასის პროგნოზი შეამცირა

მსოფლიო ბანკმა ნავთობის, ფერადი ლითონისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების პროგნოზი შეამცირა.

ბანკის პროგნოზით, 2016 წელს ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 37 დოლარი იქნება და არა - 51 დოლარი, როგორც ამას ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგნოზირებდა.

ბანკის ანალიტიკოსთა განცხადებით, პროგნოზის შემცირება რიგმა ფაქტორებმა გამოიწვიეს, მათ შორის ირანიდან ნავთობის ექსპორტის განახლებამ, ასევე განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებამ.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს ნავთობზე ფასები 47%-ით დაეცა, 2016 წლის ფასების 27%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

„2015 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს სავარაუდოდ კიდევ 25%-ით შემცირდება ენერგომატარებლების ფასი, 10%-ით დაეცემა ლითონის ფასი, რომელსაც შარშან 21%-იანი ვარდნა ჰქონდა, სოფლის მეურნეობის პროდუციის ფასი კი 1,4%-ით შემცირდება“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ნავთობის ფასის 2016 წლის პროგნოზი გამოაქვეყნა „ამერიკის ბანკმაც“, რომლის პროგნოზითაც, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 46 დოლარი იქნება.

დღევანდელი მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 30,98 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI-ის ნავთობის ფასი ბარელზე 30,39 დოლარი დაფიქსირდა.