მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკის შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ბათუმის პორტი" 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს.

"თბომავალ "ვილნიუს სივეისით" საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის საფუძველზე აღნიშნული ნივთების შიგთავსიც დაათვალიერეს და პოლიეთილენში შეხვეული ნარკოტიკები აღმოაჩინეს. ავტომანქანას უკრაინიდან საქართველოში მოქალაქე რ.ა.-ის კუთვნილი საქონელი შემოჰქონდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას გადაეცა.

ასევე, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 24 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი". რეისით სტამბოლი - თბილისი ჩამოფრინდა ნიგერიის მოქალაქე ს.ჯ.ო., რომლის კუთვნილი ბარგის რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი MEDTRAM აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.