თურქმენეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს

თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული , - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრ ბაიარ აბაევის შეხვედრაზე აღინიშნა. მათივე ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, თურქმენეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს. მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.