მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ ჭიჭინაძემ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ნოდარ ჭიჭინაძემ თბილისის მთავრობის წევრებს, დარგის სპეციალისტებსა და მედიას გასულ წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 2015 წელს 3.72 მილიონ ლარს შეადგენდა. შესრულების მაჩვენებელმა კი 3.68 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სამსახურის ბიუჯეტის 99%-ს წარმოადგენს. ნოდარ ჭიჭინაძემ ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 13 ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის სესხი მიიღეს როგორც 13 ივნისის სტიქიით, ასევე ხანძრით დაზარალებულმა კომპანიებმა.

"კონკრეტულად დაფინანსდა 13 ბიზნესი სფეროების მიხედვით ტურიზმის, წარმოების, მომსახურების სფეროები. აგრეთვე დაფინანსდა ორი ბიზნესი სტიქიის შედეგად დაზარალებული, რომელსაც 3%-ად მიეცა შეღავათიანი სესხი, სხვა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 6%-ს", - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა პირმა გაიარა გადამზადების კურსი. სპეციალური სასწავლო კურსები გაიარეს ასევე სასტუმროების მენეჯერებმა, რეგისტრატურის, კვების ბლოკის და ნომრების მომსახურე თანამშრომლებმაც. სამსახურის ორგანიზებით დასაქმებისათვის საჭირო უნარჩვევების ამაღლების მიზნით ტრეინინგკურსი გაიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 200-მა პირმა. ჭიჭინაძის ინფორმაციით, თბილისში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით ასევე სამსახურმა რამდენიმე ღონისძიება განახორციელა.

მოხდა დედაქალაქში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობების აღჭურვა ბარკოდებით. აღიჭურვა 59 ტურისტული ობიექტი, ასევე შემუშავდა ძველი თბილისის საფეხმავლო ტური "ძველი გალავნის მარშრუტი" და დამონტაჟდა 1233 მანიშნებელი.