საქპატენტი ციფრულ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევებზე შეხვედრას მართავს

"Microsoft საქართველო" და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ციფრულ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევის საკითხზე სასტუმრო "რედისონში" სამუშაო შეხვედრას მართავენ. როგორც საქპატენტში აცხადებენ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე წელს სლოგანით - "ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა" აღინიშნება. საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა ციფრულ სივრცეში მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ. პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას, კიბერ უსაფრთხოებასა და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ.

საქართველოს მთავრობასა და "Microsoft"-ს შორის სალიცენზიო შეთანხება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ. შეთანხმების მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოებისა და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა.