თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1-ელ თებერვლამდე შეწყდა

თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1-ელ თებერვალს განახლდება.

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით სწავლა მინიმუმ, რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდეს 2016 წლის 28 იანვარს და განახლდეს ამავე წლის 1-ელ თებერვალს", - ნათქვამია საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.