ყველაზე ძვირად ღირებული სარეკლამო დრო

Super Bowl-ის საიუბილეო ფინალურ შეხვედრაში 30-წამიანი რეკლამის განთავსება 5 მილიონი დოლარი ეღირება

მომავალ კვირას ჩრდილოეთ ამერიკაში სტარტს აიღებს ქვეყნის მთავარი სპორტული მოვლენა - ამერიკის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ყოველწლიური ჩემპიონატი Super Bowl.

თუმცა სუპერთასი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა, არამედ კრეატიული რეკლამის ერთგვარი ფესტივალიცაა - წამყვანი ბრენდები კოლოსალურ თანხებს იხდიან, რათა სუპერთასის ფინალის ტრანსლირებისას მათი რეკლამა მილიონობით მაყურებელმა იხილოს.

გამოცემა Fortune-ს ინფორმაციით, 7 თებერვალს Super Bowl-ის 50-ე საიუბილეო გათამაშების ტრანსლირებისას რეკლამის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 30-წამიანი სარეკლამო დრო საიუბილეო ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია CBS გადასცემს, 5 მილიონი დოლარი ეღირება.

The Wall Street Journal-ის ცნობით, გასულ წელს Super Bowl-ის ფინალში 30-წამიანი რეკლამის განთავსების ღირებულება 4,5 მილიონი დოლარი იყო. 2005-დან 2014 წლამდე სუპერთასის სარეკლამო გაყიდვებით მიღებულმა შემოსავლებმა 2,19 მილიარდი დოლარი შეადგინა, სარეკლამო დროის საშუალო ფასი კი ბოლო ათი წლის განმავლობაში 75%-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის Super Bowl 2016 წლის გათამაშებაში რეკლამის განთავსების სურვილი 30-მა ბრენდმა გამოთქვა, მათ შორის ავტომობილების მწარმოებლებმა, ტელეკომ-ოპერატორებმა, ელექტროტექნიკის მწარმოებელმა და საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელმა ბრენდებმა.

წელს პირველად Super Bowl-ის ტრანსლირების დროს გამოჩნდება LG-ის რეკლამა, რომელშიც ცნობილი მსახიობი ლიამ ნისონი ახდენს ბრენდის პროდუქტის რეკლამირებას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები მილიონობით თანხას იხდიან, ზოგიერთი ბრენდი ხშირად რჩება აუტსაიდერთა შორის ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც რეკლამაში ზედმეტად გულახდილ სექსუალურ სცენებს, მაყურებლისთვის და კონკურენტი ბრენდისთვის შეურაცხმყოფელ ფრაზებს გულისხმობს. წელს ფინალური მატჩისას რეკლამის განთავსებაზე უარი ეთქვა ცხოველთა უფლებების დამცველ საზოგადოება PETA-ს, რომლის რეკლამაშიც ზედმეტად თამამი სექსუალური სცენები იყო.

Super Bowl-ის გათამაშება სათავეს 1967 წლიდან იღებს.