ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, დღეს დასრულდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის ღია პროცესის მორიგი ეტაპი, კერძოდ, კანდიდატურების წარდგენა. მისი თქმით, ამჯერად წარდგენილია 6 კანდიდატი: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე.

"დღეს მექნება საშუალება, რომ კანდიდატები უკვე გადავუგზავნო ექსპერტებს განსახილველად. ექსპერტები კანდიდატებს განიხილავენ წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით. ესენია - პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ექსპერტებთან განხილვის შემდეგ უკვე მომდევნო კვირაში მე მექნება კომუნიკაცია კანდიდატებთან, რის შემდეგაც კანდიდატები და ექსპერტთა შეფასებები უკვე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საბჭოში მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.