სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - საქართველოს მასშტაბით ქონების ინვენტარიზაციის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით ქონების ინვენტარიზაციის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი, რომლის შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით თბილისში აღმოჩენილია 700 ჰექტრამდე, ხოლო რეგიონებში 255 ჰა როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის განცხადებით, ეს პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საჯაროდ, ხდება ადგილზე ინფორმაციის დეტალური შესწავლა და დამუშავება.

"ჩვენი მობილური ჯგუფი გადის ადგილზე, დეტალურად სწავლობს არსებულ ვითარებას, ამუშავებს საჯარო რეესტრში აღრიცხულ ინფორმაციას და ამ ყველაფრის ინფორმირება ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ქონებას შეიძლება ჰყავდეს ფაქტობრივი მოსარგებლე ან მფლობელი, ხდება ინვენტარიზაციის პროექტში შესაბამისი აბრების გაკვრა, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესში რეგისტრაცია", - აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

ეკატერინე სისაურის განმარტებით, პროექტის პარალელურ რეჟიმში ინვენტარიზაციის მონაცემების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შემდეგი ქრონოლოგიით განხორციელდება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში არ იქნება დაცული ან საარქივო, ან რეესტრში აღრიცხული მონაცემი, სახელმწიფო დაარეგისტრირებს ინვენტარიზებულ, უძრავ ქონებას სახელმწიფოს საკუთრებად, მხოლოდ შესაბამისი შეზღუდვით.

"ამ შეზღუდვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განხორციელდა მთავრობის მხრიდან და გულისხმობს შემდეგს: ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი ქონება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გასხვისდება. ამ ვადაში ქონების ყველა პოტენციურ მფლობელს შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და დაირეგისტრიროს თავისი უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდა ასეთი ტიპის იდენტიფიცირება, სახელმწიფო ავტომატურად არ ახდენს ასეთი ქონების განკარგვას და გარკვეულ დროს აიღებს კიდევ იმისთვის, სანამ საბოლოოდ არ გამოირიცხება ეს რისკები", - აღნიშნა სისაურმა.

მისივე განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მარტვილის რაიონში, ინვენტარიზაციის ფარგლებში უკვე დარეგისტრირდა ჰექტრობით მიწა და მისი სახელმწიფოს მხრიდან განკარგვა-მიტაცება მოხდა.

"ეს არ შეესაბამება რეალობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მარტვილის რაიონში, მიმდინარეობს ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია, თუმცა, თუ ავიღებთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2009-2010 წლებში, ინვენტარიზაციის პროექტის დაწყებამდე, უკვე რეგისტრირებული იყო აღნიშნულ რაიონში კონკრეტული მიწის ნაკვეთები", - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

როგორც სისაურმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს წარსულში დაშვებული ხარვეზების გასწორებაზე.

მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს უწყებათშორისი კომისია, რომელიც აქტიურად განიხილავს სახელმწიფოსთან მიწის ნაკვეთების გადაფარვის საკითხს.

სისაურის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიას რამდენიმე ასეული შემთხვევა აქვს უკვე განხილული. მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც უკვე ძალიან ბევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაარეგისტრირა.