გიორგი აბაშიშვილი - მომავალი კვირის დასაწყისში პრეზიდენტს საშუალება ექნება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს გაეცნოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში პრეზიდენტს საშუალება ექნება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს გაეცნოს. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შემდეგ პრეზიდენტს რამდენიმე დღე დასჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და კანდიდატურები დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს.

"ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები გადაეგზავნება ექსპერტებს. ექსპერტები განიხილავენ აღნიშნულ კანდიდატურებს. შემდეგ, მომდევნო კვირაში მექნება კომუნიკაცია მათთან, რის შემდეგაც კანდიდატურები უკვე ექსპერტების შეფასებით წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, მომდევნო კვირის დასაწყისში ქვეყნის პირველი პირი გაეცნობა კანდიდატებს. პრეზიდენტს ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო ამის შემდეგ კანდიდატურები დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, რაიმე კონკრეტული ვადები კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით არ არსებობს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, ნია შარაშიძეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატურად იყო წარდგენილი, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, შარაშიძე პროცესებში მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტის მიერ იყო დასახელებული, თუმცა ის ასევე უკან იქნა გაწვეული.