რატომ არის გაჩერებული უნიკალური ქართული ყველის მწარმოებელი საწარმო

უნიკალური ქართული პროდუქტის, ტენილი ყველის საწარმოს უკვე ორი წელია წარმოება შეჩერებული აქვს.

„ტენილი“ ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ყველი მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია. „ტენილი“ ყველი წარსულშიც და ამჟამადაც ცალკეულ ოჯახებში მცირე რაოდენობით მზადდება და რძის პროდუქტების დელიკატესად ითვლება.

ტენილი ყველის მცირე რაოდენობით დამზადება ყოველთვის განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახისთვის მისი დიდი რაოდენობით დამზადება არარენტაბელური იყო, რადგან „ტენილი“ ყველისთვის გამოიყენება ცხიმიანი რძის სრული რაოდენობა. მაშინ როცა იგივე რაოდენობის რძის გადამუშავებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სახეობის პროდუქტის მიღება. ისეთების როგორიცაა ჩეჩილი ყველი, ნაღები (არაჟანი), კარაქი, ერბო და ა.შ. აქედან გამომდინარე, ოჯახურ პირობებში „ტენილი“ ყველი მზადდებოდა იმ რაოდენობით, რაც საჭირო იქნებოდა სადღესასწაულო დღეებისათვის და სტუმრის პატივსაცემად. ჭობარელ კაცს იშვიათად გაჰქონდა „ტენილი“ ყველი ბაზარზე გასაყიდად. 

გარდა ამისა, „ტენილი“ ყველის დამზადებას სხვა სახეობებისაგან განსხვავებით საკმაოდ დიდი ენერგია, დრო და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის ფართი სჭირდება. ოჯახურ პირობებში ამ სახეობის ყველის დიდი რაოდენობით დამზადება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში ტენილი ყველის საწარმო რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. საწარმო სეზონურად მუშაობდა და უნიკალური ყველით თბილისისა და რუსთავის დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებდა. თუმცა, უკვე ორი წელია საწარმოს მუშაობა შეჩერებული აქვს.

საწარმოს უფროსი და ასოციაცია ”მზიანეთის” დამფუძნებელი ემზარ ჯავარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საწარმოს გაჩერების მიზეზებზე სუაბრობს და აცხადებს, რომ საწარმოს დახურვაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედმა.

„დაახლოებით 2 წელი ვმუშაობდით სეზონურად. რძეს გლეხებისგან ვიღებით ზაფხულის პერიოდში და ყველს თბილისისა და რუსთავის სუპერმარკეტებში ვაბარებდით. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა წარმოების გაზრდაც. დიდი დაინტერესება წამოვიდა საზღვარგარეთიდანაც: ამერიკიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ასე შემდეგ. აქ უკვე თავი იჩინა ხარისხთან და რაოდენობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. რძე, რომელსაც გლეხებისგან ვაგროვებდით განსხვავებული ხარისხის იყო და საბოლოო ჯამში, პროდუქცია უხარისხო გამოდიოდა. არათუ ევროპულ, აქაურ სტანდარტებსაც ვერ დააკმაყოფილებდა. მეორე პრობლემა რძის სიმცირე იყო. პროდუქცია, რომელსაც 2-3 თვის განმავლობაში მოგროვებული რძით ვაკეთებდით, საკმარისი არ იყო”, - აღნიშნავს ემზარ ჯავარიძე.

მისი თქმით, ტენილ ყველზე საზღვარგარეთიდან ახლაც დიდი მოთხოვნაა. თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებას საწარმო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. ”მზიანეთის” დამფუძნებლის ინფორმაციით, ამერიკიდან ყოველთვიურად 2 ტონა ტენილი ყველი მოითხოვეს. საწარმო კი სეზონის განმავლობაში, ერთ ტონაზე ცოტა მეტს აწარმოებდა. თუმცა, ამ ეტაპზე, დამფუძნებლის აზრით, მცირე წარმოებითაც შეიძლება საქმიანობის განახლება. ამისთვის კი, მისი თქმით, 20-30 კარგი მეწველი ძროხის ფერმაა საჭირო.

”ჩვენი პრობლემა ყველამ იცის, ვის არ მივმართე, მაგრამ მეცხოველეობით და მისი პროდუქტებით სახელმწიფო დაინტერესებული არ არის. სამწუხაროდ, ვერც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მივიღეთ დაფინანსება”, - ამბობს ემზარ ჯავარიძე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამჟამად 6 საწარმო საქმიანობს. აქედან ხუთის საქმიანობა მესაქონლეობა და რძის გადამუშავებაა.

”სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა შეღავათიანი აგროკრედიტი ვერ აიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ ერევა ბანკისა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობაში. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მხოლოდდამხოლოდ პროცენტის თანადაფინანსებაში შედის, როცა ბენეფიციარს უკვე უმტკიცდება სესხი ბანკში. ჩვენ ვუფინანსებთ იმ სესხის პროცენტის ნაწილს, მაქსიმუმ, 11%-ს”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი ავალიანმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

გიორგი ავალიანი ასევე რეკომენდაციას აძლევს ყველა მეწარმეს, ვისაც წარმოების პროცესში პრობლემა აქვს.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიმართონ ადგილობრივ სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრს, ცხელ ხაზზე აუცილებლად დარეკონ და დააფიქსირონ ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ და ცხელი ხაზი აუცილებლად გადაამისამართებს სწორი მიმართულებით. თუ სურსათის უვნებლობას ეხება საკითხი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს თითოეულ რეგიონში ყავს თავისი წარმომადგენლობა და მივიდნენ ადგილზე და იქ გაიარონ კონსულტაცია”, - აღნიშნავს გიორგი ავალიანი.

თამარ კორკოტაშვილი