თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ექვსი კანდიდატიდან ახლოს არც ერთს არ იცნობს და მხოლოდ გიორგი ბაქრაძეზე იცის, რომ ეროვნულ ბანკში მუშაობს.

"შეიძლება მათ მიერ დასახელებული კრიტერიუმები სწორიც იყოს, მაგრამ რამდენად შეესაბამებიან ამ კრიტერიუმებს, რომ გადავხედავ მათ გასულ საქმიანობას, ამას მერე გეტყვით. ამომწურავი ინფორმაცია არ მაქვს მათ შესახებ და როცა გადავხედავ, მერე გეტყვით", - განაცხადა მეჭიაურმა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტში ერთი კანდიდატის წარმოდგენამდე, თუ დანარჩენებზე წვდომა ექნება, ინტერესის გამო გაეცნობა.

"შერჩევის პროცესში არ ვმონაწილეობ და ვინც მონაწილეობს, ალბათ, ჯობს ის გაეცნოს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, ვისაც ისინი წარმოადგენენ. მათ, ალბათ, ეს უკვე გადაწყვეტილიც აქვთ", - განაცხადა მეჭიაურმა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი კანდიდატის მიმართ უკვე სიმპათია გამოკვეთილი, თამაზ მეჭიაურს ჰგონია, რომ დიდი ალბათობით ეს ასეცაა, თუმცა რომელ მათგანზეა საუბარი, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამას არ აკონკრეტებს.

"ვერ გეტყვით, არ მინდა წინასწარ რამე პროგნოზის გაკეთება. ეს უკვე მათი უფლებაა და მათ უფლებებში მე არ ჩავერევი. როგორ შეარჩევენ ისინი, ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა მეჭიაურმა.

კითხვაზე - ექნება თუ არა წარმოდგენილ კანდიდატს პარლამენტის მხარდაჭერა, მეჭიაურის თქმით, იმ შემთხვევაში ექნება, თუ შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

"იმ შემთხვევში ექნება, თუ იქნება ისეთი კანდიდატურა, რომელიც იმ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რომელიც მე და ზოგიერთ პარლამენტარს სწორად მიგვაჩნია. ესენია - პროფესიონალიზმი, უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული, განათლება, გამოცდილება შესაბამისი, პატიოსნება", - განაცხადა მეჭიაურმა.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საბჭოში მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანდიდატები განსახილველად ექსპერტებს გადაეგზავნება. უკვე მომდევნო კვირაში კი საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება.

ექვსი კანდიდატიდან ერთის შერჩევა მოხდება, რომელსაც პრეზიდენტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.