გიორგი ჩოგოვაძე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოში პირველად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით მადრიდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა.

გიორგი ჩოგოვაძემ და თალებ რიფაიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კონფერენცია საქართველოში 7-9 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციას თავად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მსოფლიოს წამყვანი ღვინის რეგიონებიდან ექსპერტები, მსხვილი ტუროპერატორები, ტურიზმის მინისტრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესპანეთის დედაქალაქში ტურიზმისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ მინისტერიალს დაესწრო. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე 80-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იყო წარმოდგენილი. მინისტერიალზე ტურისტებისათვის უსაფრთხო მოგზაურობის შექმნის საკითხები განიხილეს.