ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია "სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია "სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა და მას ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მუდმივი მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობს.

სამინისტროს პრესსამსახურის მტკიცებით, ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, მათ შორის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების მიმართულებით.

"დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილია იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა მოსახლეობის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიმართულებით.

მათი განცხადებით, "სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

სოციალისტური და დემოკრატიული ევროპარლამენტის ფრაქცია "სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" წარმოადგენს სიდიდით მეორე საპარლამენტო ჯგუფს და მის შემადგენლობაში შედის 195 დეპუტატი.