შვედეთის მთავრობა 80 000 თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას გეგმავს

შვედეთის მთავრობა 80 000 თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ "ბიბისი" შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ანდერს იგემანი აცხადებს, მიგრანტების დეპორტაცია ჩარტერული ავიარეისებით განხორციელდება, თუმცა, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. მისივე თქმით, იგეგმება იმ მიგრანტების დეპორტაცია, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსის მოპოვება სურდა და ვერ მიიღო. შვედეთს 2015 წლის განმავლობაში 163 000-მა მიგრანტმა მიმართა თავშესაფრის თხოვნით. 58 800 განაცხადი უკვე განხილულია, მათგან 55 პროცენტი დაკმაყოფილდა. მიგრანტების რაოდენობის მხრივ შვედეთი ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია. თავშესაფრის მაძიებელების ნაკადი შვედეთში მას შემდეგ შემცირდა, რაც წლის დასაწყისში შვედეთმა სასაზღვრო კონტროლი დააწესა.