დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ექნება თუ არა პარლამენტის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, დეტალური შესწავლის შემდეგ გადაწყდება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესარჩევად წარდგენილ 6 კანდიდატიდან ზოგიერთს იცნობს, ზოგიერთს - არა.
რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს 6-დან ერთი კანდიდატის შერჩევა, ტყემალაძე მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები სწორია, მაგრამ ამის გარდა უნდა იყოს რეალური სიტუაცია.
"ვნახოთ როგორ განავითარებენ ამ სიტუაციას, როგორ მოიქცევიან", - განაცხადა ტყემალაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეტალურად მოხდება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის შესწავლა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.
"არ ვიცით, ვინ იქნება და ექნება თუ არა მხარდაჭერა, როგორ გითხრათ. უნდა შევისწავლოთ ეს პიროვნება დეტალურად და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. არ შეიძლება წინასწარ რაღაცა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო. ეს შეიძლება ან ზეწოლად, ან პროპაგანდად ჩაითვალოს", - განაცხადა ტყემალაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საბჭოში მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანდიდატები განსახილველად ექსპერტებს გადაეგზავნება. უკვე მომდევნო კვირაში კი საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება.
ექვსი კანდიდატიდან ერთის შერჩევა მოხდება, რომელსაც პრეზიდენტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.