საქართველოში გაზის გაჟონვის შედეგად მოწამვლისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით, "მემარცხენე ალიანსი" ნამწვი აირის დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟების ინიციატივით გამოდის. პარტიის ინიციატივაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "მემარცხენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ისაუბრა.
"ჩვენი ქვეყნის გაზიფიკაციას დადებითთან ერთად მოჰყვა უარყოფითი შედეგებიც, კერძოდ, ყოველწლიურად ფიქსირდება გაზის გაჟონვის შედეგად მოწამვლის ათასობით შემთხვევა, რომელთაგან მრავალი ათეული ლეტალურად მთავრდება. სტატისტიკა შემაძრწუნებელია: 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე მარტო თბილისში დაფიქსირდა გაზით მოწამვლის 3103 შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით მოწამლულთა რიცხვი გაცილებით მეტია. მრავალი ათეული ადამიანის სიცოცხლე დასრულდა სიკვდილით, რაც ყოველწლიურად მატულობს და კლების ტენდენცია არ აღინიშნება. შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავრობისგან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან მოვითხოვთ, გადახედონ გაზგამანაწილებელ კომპანიებთან, "ყაზტრანსგაზთან"და "სოკართან" დადებულ ხელშეკრულებებს და დაამატონ მუხლი, რომლითაც ამ კომპანიებს დაეკისრებათ ვალდებულება: აბონენტებს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, თავისივე ხარჯით დაუმონტაჟონ ნამწვი აირის დეტექტორი და მის ექსპლუატაციაზე განახორციელონ მონიტორინგი," - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.