კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 254.4 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2015 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 254.4 მლნ ლარით გაიზარდა და 2016 წლის პირველი იანვრისათვის 16.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 129.2 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 125.2 მლნ ლარით გაიზარდა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით - 5.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხი. 2015 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 162.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 7.9 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.32 პროცენტი შეადგინა. გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.15 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.