საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.3 მლრდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი იანვრისთვის 14.3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 282.0 მლნ ლარით ანუ 2.0 პროცენტით მეტია გასული წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 144.6 მლნ ლარით ანუ 1.8 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 137.4 მლნ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 30.53 პროცენტი შეადგინა - გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.48 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.0 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.7 პროცენტი შეადგინა.