საქართველოს საბანკო სექტორის დეკემბრის თვის წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს საბანკო სექტორმა გასული თვე მოგებით დაამთავრა. დეკემბრის თვის წმინდა მოგებამ 84.5 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2015 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.5 მილიარდი ლარით, ანუ 2.2 პროცენტით გაიზარდა და 25.2 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა ოპერაციების შედეგად ეს მაჩვენებელი 2.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კურსის ცვლილებამ მისი 0.26 პროცენტით შემცირება გამოიწვია. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.0 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.2 პროცენტი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 77.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საბანკო სექტორი 2016 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე