აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარა ლიტვაში, ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე "Adventur 2016" წარადგინა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის გახსნას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძეც ესწრებოდა.

"დეპარტამენტის სტენდი გამოფენაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს სტენდთან, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა, ქართული ღვინის, ჩურჩხელის დაგემოვნებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

გამოფენის ფარგლებში "Adventur 2016" საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა ტურისტული სააგენტოს Georgian Experience და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

Georgian Experience-მა სტუმრებს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიები გააცნო და "თბილვინოს" ქვევრის ღვინოები დააგემოვნებინა, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენელმა კი ვილნიუსიდან თბილისსა და ქუთაისში განხორციელებულ რეგულარულ ფრენებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზენტაციას ლიტველი ტურ სააგენტოები, გამოფენის მონაწილეები, ტურისტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლიტვაში საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ყურადღება დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლიტვის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იურგიტა კაზლაუსკიენემაც გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის და ლიტვის ტურიზმის დეპარტამენტების ურთიერთანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ლიტვის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ლიტვაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში მეორედ ღებულობდა მონაწილეობას. ლიტვაში მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს დეპარტამენტი 2013 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც წლიდან წლამდე იზრდება რეგიონში შემომსვლელ ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2015 წელს 2014-თან შედარებით აჭარაში ლიტვადან 2,8 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 16 საერთაშორისო გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის გერმანიაში, დუბაიში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.