ნოდარ ებანოიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სიაში ყოფნას კიდევ ბევრი ადამიანი იმსახურებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სიაში ყოფნას კიდევ ბევრი ადამიანი იმსახურებს. როგორც ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი კანდიდატებიდან ერთი ნაწილის შესახებ ინფორმაცია აქვს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, არჩევანი ცოტა უფრო დიდი იყო, რადგან ის კიდევ ბევრ ადამიანს იცნობს, რომლებიც ამ სიაში არ არიან.

"მე მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მათი ცნობადობაც, სანდოობა და რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი. როგორც აღვნიშნე, მე ყველას არ ვიცნობ. ერთი ნაწილის მიმართ ვიცი, რომ ისინი გარკვეულ ავტორიტეტებს წარმოდგენენ. მე ძველი საბჭოს მიმართ გარკვეულწილად ეს კითხვა მქონდა, რომ საზოგადოება მათ დიდ ნაწილს არ იცნობდა. საბჭოს წევრების მიმართ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ებანოიძემ.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა პარლამენტის მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ნოდარ ებანოიძის თქმით, ამაზე მსჯელობაა საჭირო.

"ჯერ ერთი კანდიდატია ასარჩევი. წარმოადგინონ, ვისზე გააკეთებენ არჩევანს. პრეზიდენტმა წარმოადგინა წელიწადნახევრის წინ ერთი კანდიდატი, ჩვენ იმას მხარი დავუჭირეთ. ახლაც ვნახოთ. პროცესია, უნდა ვიმსჯელოთ. შეიძლება არ დავუჭიროთ მხარი, მერე სხვას დავუჭიროთ. ვნახოთ, ეს პროცესია. როგორ წარმოადგენენ თავის თავს. ბუნებრივია, ბოლოს ვისაც წარმოდგენს, იმ კანდიდატზე უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ. ეს კარგია, რომ ყველაფერი ღია სივრცეში ხდება", - განაცხადა ებანოიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საბჭოში მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანდიდატები განსახილველად ექსპერტებს გადაეგზავნება. უკვე მომდევნო კვირაში კი საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება. ექვსი კანდიდატიდან ერთის შერჩევა მოხდება, რომელსაც პრეზიდენტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.