”საქართველოს განვითარების ფონდი” ხელისუფლებას ჰააგაში წარსადგენი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადების მიზნით ექსპერტთა ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს

ქართული მხარისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჰააგასთან მაღალკვალიფიციური პროფესიული თანამშრომლობა, რისი რესურსიც დღევანდელ იუსტიციის და პროკურატურის ორგანოებს არ გააჩნიათ , - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჯანდიერმა განაცხადა, "საქართველოს განვითარების ფონდი" მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შექმნას საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართული მხარისთვის მოცემულ ერთთვიან ვადაში მოამზადებს დამატებით სრულყოფილ საგამოძიებო დოკუმენტაციას ჰააგაში წარსადგენად.

"ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა, რომ 2008 წლის ომის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ჰააგაში ქართული მხარის ინტერესები დაცული იქნება მაღალკვალიფიციურ დონეზე", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ჯანდიერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც გასულ წელს შეაჩერა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების ირგვლივ დაწყებული გამოძიება. მისივე განცხადებით, მოტივმა იმის შესახებ, რომ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დანაშაულს საქართველო აღარ გააგრძელებდა იმ მიზეზით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყიფე სიტუაციაა და ქართული მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედების გაგრძელება მოახდენდა "საოკუპაციო ძალების აგრესიული და უკანონო ქმედებების პროვოცირებას", დააკარგვინა ქართულ მხარეს შესაძლებლობა, მოგვეპოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება, ვიდრე ახლა გვაქვს. დავით ჯანდიერის განცხადებას "საქართველოს განვითარების ფონდი" ავრცელებს.