ნოდარ ხადური ჩინეთის ექსიმბანკის რეგიონალურ პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის რეგიონალურ პრეზიდენტს, იან ჩუანჯინს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ბანკის რეგიონალურმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ქვეყანაა, სწორედ ამიტომ თბილისში დაგეგმილი შეხვედრების მიზანი, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობაა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ჩინეთში მისი ვიზიტისა და იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც გაიმართა ჩინეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მზადაა, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად მოისმინოს და განიხილოს ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადებები.