"გირჩი" მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" მიწების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს. ინიციატივა "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი არის მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი.

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პროექტის არსი შემდეგში მდგომარეობს: მიწის ნაკვეთის მფლობელობას მარეგისტრირებელ ორგანოს განცხადებით მფლობელი უდასტურებს. მიწის ნაკვეთზე მფლობელობის საფუძველზე, საკუთრების უფლება არ რეგისტრირდება, თუ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც მფლობელის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციას გამორიცხავს. რეგისტრაციის პროცედურა საკადასტრო ინფორმაციის შეგროვებით იწყება, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით კერძო საამზომველო კომპანიები ასრულებენ. ეს კომპანიები აზომვით ნახაზებს, მის ზუსტ ადგილმდებარეობას და კონფიგურაციას მიწით მოსარგებლეთა მითითების საფუძველზე ადგენენ, ანუ მოსარგებლე ამზომველს ადგილმდებარეობას და კონფიგურაციას უთითებს, რომელიც ამას საკადასტრო მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახავს. მარეგისტრირებელი ორგანო შედგენიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს ამ წესით შედგენილ მონაცემთა ერთიანი ბაზის, საკადასტრო მონაცემების და განმცხადებლის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას. საჯარო გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, გამოთქვას პრეტენზია ამ ბაზის სისწორესთან და მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით.

პროექტის მიხედვით, თუ საჯაროდ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნება წარმოდგენილი პრეტენზია მიწის ნაკვეთის მფლობელის მიმართ, მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი დადასტურებულად ითვლება, რაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.

საჯაროდ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში მფლობელობის ფაქტის მიმართ დაინტერესებული პირის მიერ დასაბუთებული პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო, ამ ვადის გასვლისთანავე იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხევაში არ მიიღება, როდესაც მიწის ნაკვეთის მფლობელს და პრეტენზიის მქონე სუბიექტს შორის ამ ერთთვიან ვადაში მორიგება მოხდება.

ამ წესით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს უფლება, განკარგოს ან უფლებრივად დატვირთოს მიწის ნაკვეთი რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ პრეტენზიის გაცხადების და თავიანთ უფლებათა დაცვის საშუალება, სასამართლოსადმი მიმართვის გზით.

ცნობისთვის, "გირჩმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო.