მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა

მინისტრთა კაბინეტმა სამუშაო შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შრომითი ბაზარი და დასაქმების ხელშეწყობა; ხელმისაწვდომი მედიკამენტები; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური მხარდაჭერისა და დახმარების სისტემა და პენსია, - ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დავით სერგეენკომ წარადგინა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული რეფორმა, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის ან სააგენტოს შექმნა და დაფინანსების ინოვაციური მოდელების შემუშავება. რაც შეეხება შრომის მიმართულებას, ამ მხრივ, სამინისტროს პრიორიტეტები იქნება - სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აქტიური დაკავშირება, შრომის ბაზრის შესწავლა, ახალ და დეფიციტურ პროფესიებში კადრების მომზადება, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომითი უფლებების დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები დადებითად შეაფასა და დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელს ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში განიხილავს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია განხორციელდება.