მინისტრის მოადგილეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფისკალურ საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრნენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფისკალურ საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ლაშა ხუციშვილი და ლერი ბარნაბიშვილი 27-28 იანვარს, პარიზში გამართულ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფისკალურ საქმეთა კომიტეტის (CFA) შეხვედრაში მონაწილეობდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის სფეროში დაგეგმილ სიახლეებს მიეძღვნა, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციისათვის განსახორციელებელ საქმიანობას.

"ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ ესტონეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელზეც განიხილეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საგადასახადო საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა", - განაცხადეს სამინისტროში.