თინა ხიდაშელი "დელტას" მიერ საუდის არაბეთისთვის ჯავშანმანქანების მიწოდებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "დელტას" მიერ საუდის არაბეთისთვის სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანების მიწოდებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს. "მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. "დელტა" საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც "დელტამ" საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონამდე ლარია. "დელტაში" აცხადებენ, რომ კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწვდიან სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.