”ვაზიანის” ღვინო ჩინეთში ტელემარკეტის საშუალებით იყიდება

თითქმის ორი თვეა ჩინეთის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე „ვაზიანის“ ღვინო ტელემარკეტის საშუალებით იყიდება.

ამის შესახებ კომპანია „ვაზიანის“ დირექტორმა ლევან ფაღავამ „რადიო პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია ”ვაზიანის” ქარხნის შესახებ ჩინეთიდან ჩამოსულმა წარმომადგენლობამ რამდენიმე თვის წინ კლიპი გადაიღო.

”ჩინეთში პოპულარულია ინტერნეტითა და ტელევიზიით საქონლის რეალიზაცია. ჩვენმა დისტრიბუტორმა შემოგვთავაზა ტელემარკეტით მოგვეხდინა ღვინის რეალიზაცია. ეს არის ერთ-ერთი ჩინური არხი. სექტემბრის თვეში ჩამოსული იყვნენ მათი წარმომადგენლები, გადაიღეს ჩვენი ქარხნის შესახებ კლიპი, რომლის გაშვება დაიწყო დაახლოებით, დეკემბრის თვეში და სულ ერთი-ორი თვეა ვყიდით ჩვენს პროდუქციას ტელემარკეტის საშუალებით”, - განაცხადა ლევან ფაღავამ.

ტელემარკეტი ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინისა და კომპანია „ვაზიანის“ შესახებ მოუთხრობს და თეთრ, წითელ, ასევე კერამიკულ ჭურჭელში ჩამოსხმულ ღვინოს სთავაზობს.

კომპანია ”ვაზიანის” დირექტორი ამ ეტაპზე კმაყოფილია ჩინეთში ღვინის გაყიდვების მაჩვენებლით, თუმცა აღნიშნავს, რომ უცხოურ ბაზრებზე საქმიანობა საკმაოდ რთულია.

”დასაწყისისთვის, ჯერჯერობით, კმაყოფილები ვართ და მომავალში რა იქნება, ვნახოთ. საკმაოდ რთულია როგორც ჩინურ, ასევე სხვა ბაზრებზე საქმიანობა. ამიტომ ყველა ინოვაცია, ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ რამენაირად დავმკვიდრდეთ”, - ამბობს ლევან ფაღავა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გასული წლის 12 თვეში სულ ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი.