სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.