"ლეგომ" პირველი შშმ მინიფიგურა გამოუშვა

დანიურმა კომპანია "ლეგომ" პირველი შშმ სათამაშო შექმნა.

"ლეგოს" ახალი სათამაშო გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, გამოფენა Toy Fair-ზე წარადგინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი სათამაშო მიმდინარე წლის ივნისიდან გაიყიდება.

კომპანიის განცხადებით, შშმ მინიფიგურა Lego CITY-ის ნაწილი იქნება.

ლეგო და სათამაშოების მწარმოებელი სხვა კომპანიები რამდენიმე თვის წინ კრიტიკის ობიექტი გახდნენ. შშმ პირების მშობლებმა კომპანიებისგან ისეთი სათამაშოების წარმოება მოითხოვეს, რომელიც რეალურ ცხოვრებას ასახავს.

Toy Like Me - ასე ეწოდა კამპანიას, რომლის ფარგლებში გასულ წელს 20 000-ზე მეტმა დედამ პეტიცია გამოაქვეყნა და გააპროტესტა, რომ შშმ ბავშვები საყვარელ სათამაშოებთან კავშირს ვერ გრძნობენ.

გასული წლის თებერვალში ლეგოს კონსტრუქტორი მსოფლიოში საუკეთესო სათამაშოდ აღიარეს. დანიური კომპანია სათამაშოებს 1949 წლიდან აწარმოებს. 2014 წელს ლეგომ 60 მილიონზე მეტი სათამაშო შექმნა.

2015 წლის პირველ 6 თვეში კომპანიის გაყიდვები 18%-ით გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე