ნოდარ ხადური - ბიუჯეტის კორექტირების მოცულობა ახალ საგადასახადო კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მოცულობა საქართველოს ახალ საგადასახადო კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მას ამ ეტაპზე მოცულობებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით სამთავრობო დაწესებულებებთან და ბიზნესწრეებთან აქტიურად მუშაობს.

"ჩვენ ვაპირებთ ძალიან სერიოზულ საგადასახადო რეფორმას. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც ისაუბრა. "ფინანსთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება. აქტიურად ვმუშაობთ არა მარტო სამთავრობო დაწესებულებებთან, არამედ ბიზნესწრეებთან, რათა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები განვახორციელოთ", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას და შემდეგ პარლამენტს თებერვლის პირველ ნახევარში წარედგინება.

"სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში კანონპროექტი საქართველოს მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინება. ამის შესაბამისად შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა, თუმცა დღეს მოცულობებზე საუბარი ნაადერევია, ვინაიდან ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი დიზაინის იქნება, საბოლოო ჯამში, საქართველოს ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და როდიდან შევა ის ძალაში", - განაცხადა ხადურმა.