სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების - ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue) - არსებობას არ ადასტურებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისში, თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ დაუყოვნებლივ გაატარეს ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

"პირველადი ლაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი. საქართველო ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE) წევრი ქვეყანაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას. აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში - გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით, ვეტერინარულ ღონისძიებებს ახორციელებს. "მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას", - დასძენენ უწყებაში.

აზერბაიჯანში, დღეიდან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა. "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აკრძალვის მიზეზი საქართველოში წვრილ და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.