აზერბაიჯანი საქართველოში ზამთრის პერიოდში გაზის მიწოდებას გაზრდის

აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“ შაჰ დენიზისა“ და სამხრეთკავკასიის მილსადენის კონსორციუმთან ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის თობაზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ „სოკარი“ ავრცელებს.

„მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ზამთრის პერიოდში საქართველოში გაზის მიწოდება 50 მილიონი კუბომეტრით გაიზრდება. ქართული მხარის მხარდაჭერა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობის და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გამყარებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია „სოკარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გასულ წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 1,6 მილიარდი კუბომეტრი გაზის ექსპორტი მოახდინა.