დიმიტრი ქუმსიშვილი - თუ პირი სათხილამურო ტრასაზე საფრთხეს უქმნის თავის და სხვის სიცოცხლეს, მოხდება მისი გაფრთხილება, შემდეგ კი, დაჯარიმება

თუ ადამიანი სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს საფრთხეს უქმნის თავის და სხვის სიცოცხლეს, პირველ რიგში მოხდება მისი გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - დაჯარიმება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გაიტანა ორი კანონპროექტი, ერთი ეს არის - საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და მეორე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები.

"პირველ რიგში, ალბათ, ყველასთვის ძალიან აქტუალურია ჩვენს სასრიალო ტრასაზე არსებული მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირის წინ, სასრიალო ტრასებზე უკვე მთის პატრული, მოთხილამურე პატრული გამოჩნდა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მხრიდან ძალიან დადებითად იყო აღქმული, თუმცა ამას სჭირდება საკანონმდებლო დარეგულირება. შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობაზე გავიტანეთ კანონპროექტი, რომელიც შემდგომ უკვე პარლამენტს გადაეგზავნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, განისაზღვრა ძირითადი ტერმინები და ის ძირითადი არეალი, სადაც აღნიშნული კანონი იმოქმედებს, მათ შორის განისაზღვრა სათხილამურო ტრასა, თოვლმავლით სიარულის არეალი, მოხდა გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის შეზღუდვა ალკოჰოლურ მდგომარეობაში თოვლმავლის ტარების, ასევე ალკოჰოლურ მდგომარეობაში სრიალის, 16 წლამდე მოზარდებისათვის თოვლმავლის ტარების. ასევე, კანონპროექტით იზღუდება მარკირებულ სასრიალო ტრასებზე თოვლმავლით სიარული, რადგან ქუმსიშვილის თქმით, თოვლმავალი შედიოდა იქ, სადაც ჩვეულებრივი მოთხილამურეები შედიოდნენ და საფრთხეს უქმნიდა. რაც შეეხება ჯარიმებს, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, თოვლმავალთან მიმართებაში პირველ შემთხვევაში შეიძლება იყოს გაფრთხილება ან ჯარიმა 100 ლარის ოდენობის, მეორე შემთხვევაში არის ჯარიმა 200 ლარი, ხოლო მესამე შემთხვევა უკვე სხვა აქტებით რეგულირდება.

"ადამიანი, რომელიც სრიალებს, არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ან არ არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ აშკარად უქმნის საფრთხეს თავის და სხვის სიცოცხლეს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში არის გაფრთხილება და თხოვნა, რომ ასე არ მოიქცეს, ამის შემდეგ არის ჯარიმა 20 ლარი და არის ჩადებული სასრიალო საშუალების ერთდღიანი ჩამორთმევა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.