ნოდარ ხადური - ლარის განახლებულ კუპიურებზე მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის

ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს ლარის განახლებულ კუპიურებზე მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა "არანაირ დისკომფორტს არ უქმნის". ამის შესახებ ხადურმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ლარის განახლებულ კუპიურებზე ადრინდელის მსგავსად არ იქნება ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა და მათ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აწერს ხელს. ნოდარ ხადურს ეროვნული ვალუტის განახლებული კუპიურები მოსწონს.

"სიმართლე გითხრათ, კუპიურები ძალიან მომწონს. ის, რომ მათზე ხელს აწერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამას ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. მე ვიცი ქვეყნები, სადაც ფინანსთა მინისტრიც აწერს ხელს. ვიცი ქვეყნები, სადაც მხოლოდ ფინანსთა მინისტრი აწერს ხელს კუპიურაზე, მათ შორის, აშშ-ში კუპიურაზე ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი და ხაზინის უფროსი, მაგრამ ეს არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. ეროვნულ ბანკში მკვეთრად განსაზღვრეს, რომ ლარის ემისიაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო არის ეროვნული ბანკი და სწორედ იმას ნიშნავს ეს, რომ მასზე ერთადერთი ადამიანის ხელმოწერაა", - განაცხადა ხადურმა. კითხვაზე - იყო თუ არა ეს შეთანხმებული მასთან, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ არ ყოფილა. მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმოქცევაში 20, 50 და 100-ლარიანის ახალი ბანკნოტები გამოვა.