ლარის გაცვლითი კურსის საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

ლარის გაცვლითი კურსის საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დახურული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. კომიტეტის წევრებთან შესახვედრად ეროვნული ბანკიდან ესწრებიან გიორგი მელაშვილი და გიორგი ბაქრაძე, ფინანსთა სამინისტროდან - ცოტნე ყავლაშვილი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროდან - ირმა ქავთარაძე. როგორც შეხვედრის დაწყების წინ კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომა იქნება დახურული, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. მისი თქმით, კომიტეტისთვის საინტერესოა მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გატარდა როგორც ეროვნული ბანკიდან, ასევე მთავრობის მხრიდან ლართან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა გიორგი ბაქრაძემ მედიასთან საუბრისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მზად არის კონსტრუქციული განხილვისთვის და მსგავს ფორმატში თანამშრომლობისათვის. დახურულ სხდომაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციონერი დეპუტატები - ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, მიხეილ მაჭავარიანი და აკაკი ბობოხიძე.