გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისათვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.