თბილისში 130 ქალის პრეპარატ ჰერცეპტინით მკურნალობა დაფინანსდება

ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში 130 ქალის პრეპარატ ჰერცეპტინით მკურნალობა დაფინანსდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხი სხდომაზე თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა. საკითხს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. როგორც სხდომაზე გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, პროგრამის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, 150 000-ზე დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ქალებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჰერცეპტინით მკურნალობა 100%-ით დაუფინანსდება, სხვა პაციენტ ქალებს კი 80%-ის თანადაფინანსებით.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, წელიწადში ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობისათვის ქალს 13 ფლაკონი ჰერცეპტინი სჭირდება. ერთი ფლაკონის ღირებულა 2 700 ლარს შეადგენს. საუბრისას ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია "როშემ" სპეციალურად თბილისის მერიის ამ პროგრამისათვის პრეპარატის ფასი გაანახევრა. მისივე თქმით, ერთი ფლაკონის ღირებულება 5 500 ლარს შეადგენს.

როგორც ჩივიაშვილმა საუბრისას აღნიშნა, თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ერთი ქალის პრეპარატით მკურნალობისათვის 35 000 ლარს გადაიხდის, ხოლო სხვა პირებისათვის 28 000 ლარით დააფინანსებს 13 ფლაკონიან კურსს. თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პრეპარატ ჰერცეპტინით მკურნალობა ქალებში ძუძუს კიბოს მინიმუმ 50%-ით კურნავს.