დავით კლდიაშვილი - ბანკების წინააღმდეგ გამოთქმულ პოპულისტურ განცხადებებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების გამო, ბანკები ვალდებული არიან კრედიტის დაფარვა არ მოითხოვონ ლარის მიმდინარე კურსით დოლართან მიმართებაში და კრედიტის დაფარვა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული კურსით, "ბიზნესპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა ექსპერტი დავით კლდიაშვილი ესაუბრა. როგორც მედიაში გავრცელდა, ბანკის კლიენტებს შეუძლიათ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლით იხელმძღვანელონ. დავით კლდიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გუშინ გავრცელებულმა მოსაზრება, რომელმაც მოსახლეობაში პანიკა და უსაფუძვლო იმედი ჩასახა, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მოყვანილია არა მხოლოდ არასრული საკანონმდებლო ნორმები, არამედ არასწორია მათი ინტერპრეტაციაც, შესაბამისად პრესითა და ელსაშუალებების გამოყენებით გაკეთებული მოცემული განცხადება უფრო პოპულისტური იყო, ვიდრე - რეალობასთან მიახლოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისა და ნორმების განმარტებების საფუძველზე 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას და ვალუტის ჰიპერინფლაციას. 389-ე მუხლს არაფერი კავშირი არ აქვს უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხთან, ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას,  უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი დაფარულ იქნას იმავე ვალუტაში. ფულადი ვალდებულების თანახმად, მოვალე ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი ერთეულების განსაზღვრული თანხა, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში. ფულის სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფულადი ერთეულების განსაზღვრული თანხა, რომლის თანახმად, განმსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დაუბრუნოს იგივე თანხა (სკ-ის 623-ე მუხლი). ამ ვალდებულების არსში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მოვალის მიერ კრედიტორისათვის არა ფულადი ნიშნების გადაცემა, არამედ იმ ფასეულობის, რაც გამოხატულია ფულადი ერთეულების მოცემულ თანხაში. კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება ფულადი თანხის ოდენობის განსაზღვრა დავაკავშიროთ მის მყიდველუნარიანობასთან (9. მარტი, 2006 წ, ქ.თბილისი, სამქ #ას-870-1138-05).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ოფიციალურ კომენტარებში პირდაპირაა მითითებული, რომ ნომინალიზმის პირობებში მხარეები თავიანთ თავზე იღებენ მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების რისკს. იმ შემთხვევაში, თუ ვალის გადახდის მომენტში გაზრდილია ფულის მსყიდველობითი უნარი, მოვალეს არავითარი უფლება არ აქვს ვალის დაბრუნებისას თავის სასარგებლოდ დაეყრდნოს ამ გარემოებას ((ჭანტურია, ლ., ზოიძე, ბ., ნინიძე, თ., შენგელია, რ., ხეცურიანი, ჯ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. ტომი 3. თბილისი. 2001).).

უზენაესი სასმართლოს 2000 წლის 5 აპრილის 3კ/428 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასმართლომ განმარტა, რომ 389-ე მუხლის გამოყენება ლარის მიმართ დაუშვებელია, ვინაიდან ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებულ იქნას მისი რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგანაც ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს - ზოგი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში მცირდება, ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი სხვა სამართლებრივი შინაარსის მატარებელია და კავშირი არ აქვს სტატიის ავტორის მიერ გაკეთებული ინტერპრეტაციასთან, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს", - ნათქვამია დავით კლდიაშვილის განცხადებაში.